იმერეთში შშმ პირებისათვის სპორტული აქტივობა ჩატარდა
თებერვალი 28, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისათვის“ ორგანიზებით ქუთაისის სპორტის სასახლეში შშმ პირთა მონაწილეობით შაშსა და ნარდში ჩემპიონატი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან 30-მდე შშმ პირი იყო ჩართული.
სპორტის ორივე სახეობაში სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილის მფლობელები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა წელიწადში ორჯერ იმართება სპორტის ორ სახეობაში შაშსა და ნარდში. უკვე მეექვსედ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენლობა შშმ პირთა იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისათვის“ მხარდამჭერია.