ქ. ოზურგეთში მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მარტი 27, 2024

27.03.24 – ქალაქი ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის შეხვედრების სივრცეში, ადგილობრივი მასმედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ამ პროცესის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, დეზინფორმაციული ნარატივების თავისებურებებზე ისაუბრა და მონაწილეებს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია და ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.