ქ. თელავში საჯარო მოხელეებისთვის ევროპული ინტეგრაციის შესახებ სასწავლო კურსი გაიმართა
მაისი 23, 2023
23.05.23 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის პარტნიორობით, ქ. თელავში ევროკავშირის საკითხებზე, საჯარო მოხელეებისთვის სასწავლო კურსი გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შათირიშვილმა გახსნეს.
თამარა წულეისკირმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯარო სექტორის პროაქტიული ჩართულობის მნიშვნელობას.
ალექსანდრე შათირიშვილმა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ხელშესახებ სიკეთეებსა და ამ პროცესებზე საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის ისტორიის, ინსტიტუტების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებისა და საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.
კახეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქ. თელავის მერთან ლევან ანდრიაშვილთან. ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მერიის გუნდს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისათვი. განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.