ქ. წნორის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 26, 2024
26.04.24 – ქ. წნორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, საუბარი შეეხო ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებს. შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შედეგები და თანმდევი პასუხისმგებლობები. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაფინანსებული განათლებისა და ეკონომიკური პროგრამების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.