კახეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
სექტემბერი 20, 2021

20.09.21 – თელავი, გურჯაანი, სიღნაღი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
55-მდე მონაწილეს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსთან თანამშრომლობას. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC), ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP), წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელობასა და ფუნქციაზე.
„უსაფრთხოება, თანამშრომლობა, თავსებადობა და რეფორმები არის ის ძირითადი ქვაკუთხედი, რომელიც უკავშირდება თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობას, შემოსავლის მატებასა და განვითარებას“ – აღნიშნა გიორგი ცხვიტავამ შეხვედრაზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.