კახეთის რეგიონის სკოლის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 22, 2021

21.12.21 – კახეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში” დამფუძნებელმა შორენა ლორთქიფანიძემ, მონაწილეებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე, ნატო-საქართველოს და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას, რომელსაც 80-მდე პედაგოგი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.