ქალაქ ბათუმის სკოლებისა და უნივერსიტეტების ახალგაზრდული კლუბების წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 25, 2023

25.10.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, მედიწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ქალაქ ბათუმის სკოლებისა და უნივერსიტეტების ახალგაზრდული კლუბების წევრებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გამართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის აქტუალური საკითხები გააცნო და ყურადღება თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე გაამახვილა. ცენტრის საქმიანობასა და ამ პროცესში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე საუბრისას, მომხსენებელმა ახალგაზრდებს დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობა შესთავაზა და სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებიც გააცნო.
კლუბის წევრებმა დებატების ფორმატში იმსჯელეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათი ამოცნობისა და გაუვნებელყოფის მეთოდებსა და ამ კუთხით მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.