ქალაქ ლანჩხუთში პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 22, 2023

22.05.23 – ლანჩხუთი
საქართველოში მიმდინარე „ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეხვედრების სივრცეში, ლანჩხუთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებაზე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაწევრების უალტერნატივობასა და შეუქცევად ხასიათზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღების აუცილებელ პირობად განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ცენტრის საქმიანობის მიზნები, პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები დაურიგდათ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.