ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 27, 2023

27.11.23 – ქარელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქარელის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით, საჯარო სკოლების პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა ევროკავშირის ინისტიტუტებისა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესახებ სიკეთეებსა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა გაუწია და შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.