კასპის მუნიციპალიტეტის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 17, 2023

17.11.23 – სოფელი მეტეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის საჯარო სკოლაში, პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში, ციკო შაქარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებს, საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

პროექტი, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.