კასპის ზრდასრულთა ცენტრში ახალგაზრდებსა და ცენტრის ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 23, 2023

23.03.23 – კასპი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კასპის ზრდასრულთა ცენტრში, ახალგაზრდებსა და ცენტრის ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სოფიო მიდელაშვილმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების ისტორიასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრის ბოლოს საუბარი შეეხო იმ გავრცელებულ მცდარ აზრებსა თუ მითებს, რაც ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება.

გარდა ამისა, დამსწრეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს და კონკრეტული მაგალითების შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.