კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი საინფორმაციო ცენტრში
ნოემბერი 9, 2023

09.11.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებითვის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა და ახალგაზრდებს ევროკომისიის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცა, რომელიც გარდამტეხია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციასა და იმ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.