კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატოს დაარსების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა
აპრილი 3, 2024
03.04.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, სტუდენტებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნეს.
მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ღონისძიებას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა გაუწია.