ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 19, 2023

19.05.23 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე და მუნიციპალიტეტებთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.