ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 29, 2024
29.03.24 – ქედა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექპსერტმა, სამხედრო ჟურნალისტიკის ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ამ პროცესის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, დეზინფორმაციული ნარატივების თავისებურებებზე ისაუბრა და მსმენელებს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე, საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, პრიორიტეტებზე და რეგიონის საჯარო მოხელეებთან პროაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და დარგობრივი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საჯარო მოხელეებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სწორად ინფორმირების და თვითმმართველობებში ამ საკითხებზე დისკუსიების წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.