ქედის მუნიციპალიტეტის სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა

აპრილი 1, 2024

01.04.24 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ქედის N1 საჯარო სკოლის ევროკლუბის წევრებისთვის დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება მოაწყო.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინათ პრეზენტაციები.

ღონისძიების დასაასრულს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით და პროექტის ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

პროექტის მიმდინარეობას ესწრებოდნენ ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ აბულაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მზიური შავაძე, რომლებმაც დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციური სწავლების ეფექტიანობაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.