ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 21, 2024
21.02.24 – სოფელი დოლოგანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე საუბრისას კი ხაზი გაუსვა მაღალმთიან რეგიონებში საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ევროკავშირის პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, ანეტი ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ დოლოგანის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე შოთაძე, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობასა და საინტერესო პროექტებში ჩართულობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.