ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 19, 2021
19.11.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ “აჭარის მუზეუმი” ორგანიზებით, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ახალგაზრდებსა და ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ალიანსი ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მიმართავს. დისკუსიის ნაწილში მომხსენებელმა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციული ნაკადებისგან მოსალოდნელი საფრთხეები, მათი ამოცნობისა და გაუვნებელყოფის მეთოდები განიხილა და აღნიშნა, რომ საინფორმაციო ცენტრის უმთავრეს მიზანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება წარმოადგენს.
სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილემ ინგა გოგიბერიძემ, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოებაზე და ხაზი გაუსვა სამუზეუმო სივრცეში ასეთ საკითხებზე საუბრების გააქტიურების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, ყველაზე აქტიურ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო შეხვედრის თითოეულ მონაწილეს ცენტრის გამოცემული ლიტერატურა და საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.