ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლაში ნატო-ს იმიტირებული სამიტი ჩატარდა
ივნისი 7, 2022

07.06.22 – დაბა სურამი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონულმა ბიურომ, ხაშურის მუნიციპალიტეტში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლაში ნატო-ს იმიტირებულ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის თემა იყო ,,მსოფლიო მშვიდობისთვის”.
მომხსენებლებმა წარმომადგენელი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიასთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და რუსეთს მშვიდობისკენ მოუწოდეს.
ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს წარმომადგენელი ციკო შაქარაშვილი დაესწრო, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მომხსენებელი მოსწავლეებს ნატო-ს სამიტების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვისა და მნიშვნელობის მატარებელია.
ღონისძიების ბოლოს კი საუკეთესო პრეზენტატორობისა და საუკეთესო მოხსენებისთვის გამოვლენილ წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.