ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 28, 2022

28.07.22 – ხაშური და ქარელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მეგობრობის ხიდის „ქართლოსი“ ერთობლივი ორგანიზებით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მეწარმე ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას, ურთიერთობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე.
სემინარები პროექტის „ცხინავლის რეგიონის გარშემო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თვითმმართველი თემების განვითარება და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა. პროექტს საქართველოში „ SlovakAid” – ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, სლოვაკური ორგანიზაცია „MESA10“ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.