ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 2, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის ონლაინ სემინარი ჩაატარა.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა პედაგოგებს საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, ვიზალიბერალიზაციით გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებისა და ნატო-სა და ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს მიიღეს ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში სოფლის განვითარების პროექტებს.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ციფრულ ფორმატში შეხვედრები აჭარის რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. ღონისძიებები აჭარაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და საჯარო სექტორთან პარტნიორობით ტარდება.