ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივლისი 13, 2022

13.07.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში არსებულ მოლოდინებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრას, რომელსაც 40-მდე საჯარო მოხელე, საკრებულოს და მერიის ადმინისტრაციების, სტრუქტურული ერთეულებისა და დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტებებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობასა და პროაქტიულ კომუნიკაციაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.