ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის მასშტაბური სასკოლო კონფერენცია ჩატარდა

მაისი 19, 2022

19.05.22 – აჭარა

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მასშტაბური სასკოლო კონფერენცია მოეწყო.

კონფერენციაში “ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, რომელსაც კოორდინაციას უწევდა სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ინგა მოსიძე, მონაწილეობას ღებულობდნენ ხელვაჩაურის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ახალგაზრდებმა პრეზენტაციების ფორმატში წარმოადგინეს მოხსენებები ევროკავშირის შექმნის, ფუნქციონირების, გაფართოების, ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპების, ევროკავშირში გაწევრიანების მექანიზმების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, წარმოდგენილი იყო ვიზუალური ნამუშევრები: მოსწავლეთა ნახატები, პოსტერები და სლოგანები.

კონფერენციის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან პროაქტიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობა.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა დიდმანიძემ, ახალგაზრდებს განათლებისა და სამოქალაქო აქტივობების განხორციელების კუთხით მხარდაჭერისთვის მზაობა დაუდასტურა და ხაზი გაუსვა მათ დაინტერესებას ევროკავშირის დაფუძნების, ფუნქციონირების, გამოცდილების საკითხებისადმი, და აგრეთვე, იმ სიკეთეებისადმი, რასაც საქართველოს ევროპული გზა სთავაზობს მომავალ თაობებს.

კონფერენციის ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები.

კონფერენციის ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრისგან სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ იმართება, 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.