ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 4, 2022
04.02.22 – სოფელი სარფი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ სარფის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სოფელ სარფის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა მგელაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.