ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 7, 2022

07.06.22 – სოფელი ახალშენი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების არსებულ პრაქტიკაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს.

შეხვედრას ახალშენის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საუბრების გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.