ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 10, 2022

10.06.22 – სოფელი ყოროლისთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირის შექმნის მიზნებზე, ამოცანებზე, გაფართოების ეტაპებისა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ახალ განზომილებაში გადასვლის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრისას კი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე.
ასევე, მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე, პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.