ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 20, 2022
20.04.22 – სოფელი სალიბაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ორგანიზებით, სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს.
მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.
დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე ისაუბრა.
შეხვედრას სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძეე სწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობას და ამ მხრივ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.