ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 8, 2021

08.06.21 – ხელვაჩაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებს. ხაზი გაესვა ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს.

შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოსაზრებები, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და სამომავლოდ, ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სასკოლო პროექტის შემუშავება და საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით პიარ-კამპანიის მოწყობა დაგეგმეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.