ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 8, 2022
08.06.22 – სოფელი ჩიქუნეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ჩიქუნეთში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობისა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.
დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან გამკლავების მეთოდები განიხილა.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მელაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.