ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 24, 2021

24.11.21 – დაბა მახინჯაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს დაარსების, ფუქნციონირებისა და გაფართოების საკითხებს. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ეს ინსტიტუციები ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ახორციელებენ. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლას, საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.

დისკუსიის ნაწილში კი მომხსენებელმა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციული ნაკადებისგან მოსალოდნელი საფრთხეები განიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მახინჯაურის სკოლის პედაგოგები და სკოლის დირექტორი ნათია დევაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოებაზე და ხაზი გაუსვა სასკოლო სივრცეში ასეთ საკითხებზე საუბრების გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, ყველაზე აქტიურ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო შეხვედრის თითოეულ მონაწილეს ცენტრის გამოცემული ლიტერატურა და საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულიპროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.