ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 13, 2022

13.06.22 – სოფელი ფერია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, სოფელ ფერიაში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, სოფელ ფერიაში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას – ახალგაზრდებს, პედაგოგებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა. მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირის დაარსების გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე და აქცენტი ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა დუმბაძე და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ხათუნა დიასამიძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის წარმომადგენელთან შემდგომ თანამშრომლობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.