ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 23, 2024

23.02.24 – ხელვაჩაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, აიპების, შპს ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.