ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2024
21.03.24 – ხელვაჩაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული. ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე და ამ პროცესის შემდგომ ეტაპებზე. განხილულ იქნა ის მითები და სტერეოტიპები, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვრცელდება.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე და შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.