ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 13, 2023

13.04.23 – სოფელი განახლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორი კი ახალგაზრდებს პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე ესაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე, რომელმაც საინფორმაცო ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტებში მაღალმთიანი სოფლების სკოლების მოსწავლეების და პედაგოგების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.