ხობის კულტურის სასახლეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 11, 2023

11.05.22 – ხობი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ხობის კულტურის სასახლეში, ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას, ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს ცენტრის თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს ანა ცანავას მერმა აქტიური თანამშრომლობისთვის სიგელი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2023“ 6 მაისს დაიწყო და 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.