ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა
აპრილი 18, 2022
18.04.22 – ხობი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ქ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხობის კულტურის სახლში ახალგაზრდებთან გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები-განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე“.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებს.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლექცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.