ხონში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 31, 2022
31.03.22 – იმერეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და დევნილთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, ხონში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპების შესახებ ისაუბრა. საუბარი, ასევე შეეხო ევროკავშირთან გაფორმებულ ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და ევროკავშირის პროგრამებს.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.