ხულოს ახალგაზრდული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო-გაცნობითი ტური მოეწყო

მაისი 23, 2024

23.05.24 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ხულოს ახალგაზრდული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ შემეცნებით აქტივობაში ჩაერთო და ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ ლოკაციებზე საინფორმაციო-გაცნობით ტურში მიიღო მონაწილეობა.

ინფო-ტურის ფარგლებში ახალგაზრდებმა პეტრას ციხე, ქობულეთის მუზეუმი, მინიატურების პარკი, ისპანის ტორფნარი და კვირიკეს მეჩეთი მოინახულეს. ინფო-ტურში პროექტის ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების ყველაზე აქტიური და წარმატებული მსმენელები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ითვალისწინებდა ტრენინგ-სემინარებს შემდეგი მიმართულებებით: ევროატლანტიკური პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები, სიმულაციური სწავლება დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, პროაქტიული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, ინტელექტუალური თამაშები და ონლაინ-ვიქტორინა “ვიცოდეთ მეტი ევროკავშირის და ნატოს შესახებ“.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მათი ინტელექტუალური განვითარებაა და მასში საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას.