ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ნოემბერი 17, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით ევროინტეგრაციის საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილი, მოსწავლეებს საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციის ნეგატიურ გავლენებსა და ციფრულ სივრცეში მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებზე. ასევე, ხაზი გაუსვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის Erasmus+ პროგრამის დეტალებს.
სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.