ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მარტი 27, 2021
27.03.21 – სოფელი განახლება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლასა და ამ პროცესის თანამდევ რეგულაციებს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებით, შესაძლებლობებით და შერჩევის კრიტერიუმებით.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.