ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 15, 2021

15.04.21 – სოფელი ბეღლეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროსა და ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS+ და მასში მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციებსა და შერჩევის კრიტერიუმებს. ანტიდასავლურ პროპაგანდაზე საუბრისას კი ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის ნეგატიურ გავლენებზე, საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე.

შეხვედრას ესწრებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ ლომიძე, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სასკოლო გარემოში გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.