ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 25, 2021
25.11.21 – სოფელი დანისპარაული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.
დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები განიხილეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.