ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 8, 2022

08.04.22 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს ამერიკული თაროს ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.