ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე სემინარი ჩატარდა
ივლისი 18, 2023
18.07.23 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, მედიაწიგნიერების საკითხებზე თემატური სემინარი ჩატარდა.
შეხვედრა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი პროექტის ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში ჩატარდა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ინფორმაცია მიაწოდა დეზინფორმაციის, ანტიდასავლური პროპაგანდის, ცრუ ნარატივებისა და დამაზიანებელი გზავნილების გავრცელების საფრთხეებზე, ასევე, მათთან გამკლავების მეთოდებზე. განხილული იქნა ის მითები და სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში მიზანმიმართულად ვრცელდება.
შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის მიერ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ორგანიზებულ შემეცნებით-საგანამანათლებლო შეხვედრების ეფექტიანობაზე იასუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“, ხულოს მუნიცილალიტეტის მერიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ითვალისწინებდა ტრენინგ-სემინარებს.
ტრენინგების აქტიური და წარმატებული მსმენელებისათვის დაიგეგმა საინფორმაციო-გაცნობითი ტური ხულოს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავ ლოკაციებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.