ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩატარდა
აპრილი 17, 2024
17.04.24 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის “არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, საზოგადოების სწორად ინფორმირების, დეზინფორმაციასთან გამკლავებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოების საკითხებზე ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩაატარა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ნატოსსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებსა და გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე, ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობების გამოყენების ეფექტიანობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო დეზინფორმაციის ამოცნობისა და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე და ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი თორნიკე მიქელაძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის მიერ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ორგანიზებულ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრების ეფექტიანობაზე ისაუბრეს და მსგავსი ტიპის პროექტებისა თუ აქტივობების დაგეგმვის პროცესში მერიის მხრიდან მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.