ხულოს მუნიციპალიტეტში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თემატური სემინარები ჩატარდა

ივლისი 6, 2023

06.07.23 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თემატური სემინარები ჩატარდა.

სემინარები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი პროექტის ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე, ორგანიზაციების მიზნებზე, პრინციპებსა და მნიშვნელოვან მოვლენებსა და გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს კი მონაწილეებისთვის გაიმართა თემატური ვიქტორინა Kahoot ფორმატში, რომლის მეშვეობითაც მონაწილეებმა გამოავლინეს მიღებული ინფორმაციისა და ზოგადი ცოდნის მაჩვენებლები. ყველაზე აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის მიერ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ორგანიზებულ შემეცნებით-საგანამანათლებლო შეხვედრების ეფექტიანობაზე ისაუბრა და მსგავსი ტიპის პროექტებისა თუ აქტივობების დაგეგმვის პროცესში მერიის მხრიდან მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.