ხულოს მუნიციპალიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

აპრილი 3, 2024

03.04.24 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, პროექტის “არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე, ორგანიზაციების მიზნებსა და პრინციპებზე, მნიშვნელოვან მოვლენებსა და გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე, ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობების გამოყენების ეფექტიანობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის მიერ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ორგანიზებულ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრების ეფექტიანობაზე ისაუბრეს და მსგავსი ტიპის პროექტების თუ აქტივობების დაგეგმვის პროცესში მერიის მხრიდან მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.