ხულოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლება ჩატარდა
აპრილი 3, 2024
03.04.24 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, ხულოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება მოაწყო.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინათ პრეზენტაციები.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით და პროექტის ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
ინტენსიური სიმულაციური სწავლების დასასრულს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა, თორნიკე მიქელაძემ დეზინფორმაციის სკოლის სიმულაციური სწავლების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება და საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხულოს მერიის პროგრამებში ჩართული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის შეთავაზების პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.