ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დეზინფორმაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 17, 2024

17.04.24 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ევროინტეგრაციისა და საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველოს დასავლურის ინტეგრაციისა და ამ პროცესის დინამიკაზე ისაუბრა. ყურადღება ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ ახალგაზრდების მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე, რომელმაც მაღალმთიან სოფლებსა და დასახლებების საგანმანათლებლო სივრცეებში სამოქალაქო განათლების კუთხით შეხვედრების, ახალგაზრდების სხვადასხვა პროექტში ჩართულობისა და საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.