ქობულეთის ახალგაზრდულ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 11, 2023

11.05.23 – ქობულეთი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის ახალგაზრდულ ცენტრში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობის საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დინამიკასა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებს. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებზე და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი ახალგაზრდების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი ნატა მიქელაძე ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდების მიზნობრივ პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 6-21 მაისამდე თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობითა და საგანმანათლებო-შემეცნებითი ღონისძიებით ახორციელებს.